თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ ,,იალქანს“ ფართი გადაეცა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდ “იალქანს“, რომელიც წლებია რეგიონში ძალადობის მსხვერპლი მოზარდების, არასრულწლოვნების, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა საკითხებზე მუშაობს, ეფექტური ფუნქციონირებისთვის ფართი სარგებლობაში გადაეცა.
გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“გვაქვს სასიამოვნო სიახლე. ყველა იცნობთ ფონდი “იალქანის” საქმიანობას. წლების განმავლობაში ეს ფონდი დახმარებას უწევდა ასობით ბავშვს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მათ ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ფართთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარგებლობაში გადავცეთ შესაბამისი ფართი, რომელიც დაეხმარება ამ ფონდს კიდევ უფრო წარმატებით და ეფექტურად დაეხმაროს ბავშვებს და უფრო წარმატებით განახორციელოს მისი საქმიანობა და შეასრულოს მისი მანდატი”,- განაცხადა რიჟვაძემ.
ფონდი წლების განმავლობაში ეხმარება სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ ასობით ბავშვი ქუჩას ჩამოაშორა. ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული თავშესაფრის 24 საათიან პროგრამაშიც ჩაერთვება.