აზარტული თამაშებზე რეგულაციის პეტიცია მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად გადაეცემა
საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისათვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა – 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის #245 დადგენილების თანახმად, აღნიშნული პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს.
აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პრინციპების თანახმად, მთავრობის მეტი ღიაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ელექტრონული პეტიციების შესახებ და შექმნა პორტალი ichange.gov.ge .