“რესპუბლიკის მოედანთან” აქციის მონაწილეები იკრიბებიან
თბილისში, “რესპუბლიკის მოედანზე” გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.
19:00 საათისთვის ისინი მსვლელობას პარლამენტის შენობისკენ გამართავენ, სადაც მორიგი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გარდა იმისა, რომ ადამიანების ნაწილი შენობის წინ დადგება, მოხდება საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელის პიკეტირება.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, “დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თემა საბოლოოდ დახურულია. დღეს, ათიათასობით ადამიანი დაიძრება ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, იქნება ძალიან დიდი თავყრილობა და დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ე.წ. პარლამენტარებს შევიდნენ ამ შენობაში”, – განაცხადა მინაშვილმა.