„ეს ინიციატივა არ არის ცუდი, ძალიან კარგია“, – ხაბარელი სრულად მაჟორიტარული სისტემის შესახებ
ეს ინიციატივა არ არის ცუდი, ძალიან კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ეხება.
როგორც დეპუტატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის თავადაც აპირებს ამ საკითხის შესახებ დისკუსიაში ჩაერთოს.
“მე ვფიქრობ ეს არ არის ცუდი წინადადება, რამეთუ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს სრულად მაჟორიტარული სისტემა. დიმიტრი ხუნდაძის ამოცანაა, საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც არსებობს მსოფლიოში, თუ რომელ ქვეყნებშია სრულად მაჟორიტარული სისტემა და სად შერეული სისტემა.
ვფიქრობ ეს ინიციატივა არ არის ცუდი, ძალიან კარგია.
მეც ვფიქრობ, რომ ჩავერთო დისკუსიაში. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული სისტემა”, – განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მაჟორიტარები რეგიონებში მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
„ჩვენ საზოგადოებას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიციატივა გავაცანით და დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში წარვადგენდით კონკრეტულ პროექტს პარლამენტში, რომელიც შემდეგ განხილვის საგანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურული გზა და ამას დავიწყებთ. იქნება საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მას ვთხოვთ, რომ წარმოებაში მიიღოს საქმე და ბიულეტენები მოგვცეს, რომ გავიდეთ რეგიონებში და მოვაგროვოთ საჭირო ხმები ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენ პარლამენტში დეპუტატებს შორის ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, გავალთ რეგიონებშიც, დიდ ქალაქებშიც და მოვაგროვებთ მხარდამჭერთა ხმებს”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თამუნა შეყილაძე