„ქვეყნის სტაბილურობას შევუწყე ხელი“ – ხაბარელი განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა ხაბარელი, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ თავისი გადაწყვეტილებით ქვეყნის სტაბილურობას შეუწყო ხელი.
ამის შესახებ ხაბარელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
“მე არ დავუჭირე მხარი ამ კანონპროექტს. მე არაერთხელ მქონდა გაცხადებული, რომ ჩემი შინაგანი რწმენა სხვას მეუბნებოდა, მაგრამ გუნდური პრინციპი, პოლიტიკური წესრიგი სხვაგვარად გვქონდა. გუნდური გადაწყვეტილება იყო ასეთი და ამ გუნდურ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერდი. მაგრამ, როდესაც გამოცხადდა თავისუფალი კენჭისყრა, მე მხარი დავუჭირე იმ სისტემას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რამეთუ გრძელვადიან პერპექტივაში, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას შევუწყე ხელი ამ გადაწყვეტილებით.
თქვენ იცით, რომ იტალიამ, ფაქტობრივად, ისევ უკან დააბრუნა მაჟორიტარული სისტემა, ვერ ამტკიცებდნენ მთავრობას, პრობლემები იქმნებოდა ქვეყანაში. ასევე გვაქვს მოლდოვას მაგალითი. ჩვენ ვფქირობთ, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში,სადაც ჯერ არ არის გაძლიერებული ადგილობრივი თვითმმართველობები, არ არის პოლიტიკური სპექტრი იმ დონეზე მომზადებული, რომ ჩვენ 2020-ში გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ვფიქრობ 2024 წლისთვის საქართველო მზად იქნება, გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობები , პოლიტიკური სპექტრიც ჩამოყალიბდება და მზად დახვდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა ხაბარელმა.
თამუნა შეყილაძე