ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ლარის კურსი დარეგულირდეს და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

0

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, ინფლაცია დღეს 6.9 პროცეტია და ის არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს 7 პროცენტსაც მიუახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა პრევენციაზე უნდა იმუშაოს.

“ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ნომერ პირველი საკითხი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ, ეს ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და სხვა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნას დათრგუნული, ლარი კურსი და ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იქნას დათრგუნული. ეს არის ეროვნული ბანკის ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18 გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი