კახა კალაძე: კანდელაკის ქუჩაზე ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს

მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს შესაბამისად, ახლად განხორციელებული პროექტების მიმართ უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ახლად რეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემის დროულად მოგვარება დაავალა.

“ძალიან სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. როდესაც სამუშაოებს ვამთავრებთ, შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაკვირვებას ვახორციელებთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული. არსებობს სპეციალური მანქანა – რობოტი, რომელიც შედის მილში და პირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა მილებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ.

არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლად განხორციელებული პროექტების მიმართ. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს და მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა“, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები