კახა კალაძე: “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოსაგვარებლად მერია ყველაფერს გააკეთებს

“ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“მტკივნეული პრობლემაა სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული ადამიანები, ეს პრობლემა 6 000-ზე მეტ ოჯახს ეხება და წლებია არსებობს. ჩვენ კიდევ ერთი ასეთი პრობლემა, რომელიც იყო სამშენებლო კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემა უკვე მოვაგვარეთ და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანია “ემ კვადრატთან” და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და ამ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებული იყო გადაეცემათ თავიანთი საცხოვრებელი ფართები, რაშიც თანხები ჰქონდათ გადახდილი.

რაც შეეხება კონკრეტულად, “ცენტრ პოინტს” ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ სამუშაოები. გვაქვს შეხვედრები, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი დაზარალებული ადამიანებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, რომ ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ გავაკეთოთ დიდი შეხვედრა თქვენთან დეველოპერებთან და მშენებლებთან და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს, რათა ამ ადამიანებს მივცეთ საშუალება დაუბრუნდეთ თავიანთი ფართები, რაშიც თანხები აქვთ გადახდილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ადამიანებს, ოჯახებს ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფება გაურკვევლობაში, მძიმე მდგომარეობაში, მინდა მათ კიდევ ერთხელ მივმართო და ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მრავალწლიანი პრობლემა იქნეს მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია და დეველოპერი გამოგვეხმაურება, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ ეს პროექტები დროულად იქნეს დასრულებული”,- განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები