რა არის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რა ფუნქცია აქვთ მაჟორიტარ დეპუტატებს – კონსტიტუციონალისტის განმარტება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 14 ნოემბერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პაკეტი ჩააგდო.

საუბარია საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე შეცვლაზე. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება გასულ წელს განახორციელა, რომლის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ქვეყანაში ივნისში განვითარებული მოვლენების ფონზე, მმართველმა გუნდმა აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნის საპასუხოდ, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 2024 წლის ნაცვლად უკვე 2020 წელს დასთანხმდა.

ივნისში გაცემული პირობის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირას გაიმართა და ჩავარდა, რადგან მაჟორიტართა ნაწილმა განაცხადა, რომ ცვლილებას მხარს არ უჭერს და „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილების განსახორციელებლად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

 

რატომ უჭირდა საქართველოში ყველა ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ვინ არიან მაჟორიტარები და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი, რომელ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ ისინი, ამ და სხვა საკითხზე „კვირა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

რა არის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

„პროპორციული საარჩევნო სისტემაა, როდესაც ყველა ამომრჩეველი თავისთვის მოსაწონ პარტიას ირჩევს და სხვადასხვა პარტიას მანდატები გადაეცემა იმის პროპორციულად თუ რამდენმა ამომრჩეველმა აირჩიეს ეს პარტია. ანუ პროპორციული არჩევნების დროს პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 10% თუ მიიღო და მეორემ 20%, მეორე პარტიას შეხვდება ორჯერ მეტი მანდატი, ვიდრე პირველ პარტიას. მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში კი, გამარჯვებული არის ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს არჩევნების მონაწილე ნახევარზე მეტი. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მიიღონ 50%-ზე ოდნავ მეტი ხმა, თუნდაც ერთით მეტი ხმა, ვიდრე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა და შესაბამისად, მიიღონ ყველა მანდატი, რომელიც ნაწილდება მაჟორიტარული წესით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომლის ყველა წევრი ერთი პარტიის წარმომადგენელია. პროპორციულ სისტემაში მსგავსი რამ შეუძლებელია მოხდეს. ყველა მიიღებს იმდენს როგორიც მხარდაჭერაც აქვს“.

ნაკლოვანება

„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანება სწორედ ეს არის, სხვა საკითხებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა მსგავსი უკანონობები, რომლებიც ყველაზე სერიოზულ გავლენებს ახდენენ სწორედ მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე და ნაკლებ გავლენას ახდენენ პროპორციული არჩევნების შედეგებზე“.

მაჟორიტარის ფუნქციები

„კონსტიტუციის თანახმად, პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

 

კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის წევრი მიუხედავად იმის თუ როგორი წესით არის არჩეული, არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისი საქმიანობაში უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების განხორციელებას და არა იმ კონკრეტული ამომრჩევლების ინტერესების დაცვას თუ ლობირებას ვინც ის აირჩია პარლამენტის წევრად.

მიუხედავად ამისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად აქტიური არის თავის საქმიანობაში, ასრულებს თავისი საარჩევნო ოლქის ინტერესების ლობირებას, რაც არასწორი და არაკონსტიტუციურია. რასაკვირველია არის საკითხები რომლებიც ყველასთვის საერთო ინტერესს წარმოადგენ. ეს საკითხი შეიძლება აწუხებდეს მის კონკრეტულ ამომრჩეველსაც და სხვასაც. ასეთი საკითხების ლობირება სწორია, მაგრამ თუ არის ისეთი საკითხები, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის რაღაცა პრივილეგიების მოპოვებას ემსახურება, მაგალითად, უფრო მეტი დაფინანსების მიღება, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ასეთი ლობირება სულ მცირე უსამართლო ხდება. რადგან შეზღუდული რესურსების პირობებში თუ ერთგან გაკეთდა რაღაცა, თუ ერთს მიეცა, მაშინ მეორე ზარალდება. რესურსები კი, შეზღუდულია. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უსასრულო რესურსი. ასეთ დროს მაჟორიტარი გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა იმის მიხედვით მის ოლქში კეთდება რამე თუ სხვაგან, არამედ იმის მიხედვით, რომელი ოლქი უფრო საჭიროებს კონკრეტული პროექტის განხორციელებას. ასეთი ტიპის ლობიზმი შეუძლებელს ხდის ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას ამ პირის მხრიდან.

მაჟორიტარები ჩვეულებრივ ერევიან ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, გნებავთ ადგილობრივ დონეზე, გნებავთ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც არანაირად არ შედის ამ მაჟორიტარის ფუნქციებში. საკითხების ნაწილი არის ადგილობრივი თვითმმართველობების გადასაწყვეტი. არც ცენტრალურ ხელისუფლებას, არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პარლამენტის წევრს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. არადა ერევიან და სადაც გასდით სერიოზულად ერევიან. მას არ აქვს უფლება ჩაერიოს, მაგალითად გზის გაყვანის, წყლის გაყვანის საკითხებში და ასე შემდეგ. ეს არ არის მისი მოვალეობა.

მან შეიძლება დასვას პრობლემა, აცნობოს ცენტრალურ ხელისუფლებას და მოითხოვოს ამ პრობლემის გადაჭრა და არა უფრო მეტი. არაერთგზის მომისმენია, მაჟორიტარებს დაუჩივლიათ რომ მერი, ან გამგებელი საერთოდ არ გვისმენს და არ გვიჯერებსო. არც უნდა დაუჯეროს. ზოგ მაჟორიტარს კი, საერთოდ არ იცნობენ, იმიტომ რომ არ არის აქტიური, არ ხვდება ამომრჩევლებს, არ ცდილობს გაერკვეს მათი პრობლემების არსში. პრობლემის გადაწყვეტა მისი საქმე არ არის, მას შეუძლია ურჩიოს ამომრჩეველს როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ და რა გააკეთონ“.

რატომ ვერ ელევიან მთავრობები არჩევნების მაჟორიტარულ სისტემას

„იმიტომ რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს შესაძლებლობას პარლამენტში მიიღოს ბევრად მეტი მანდატი, ვიდრე მას ეკუთვნის ამომრჩეველთა მხარდაჭერის ხარისხის მიხედვით. ამომრჩეველთა მხარდაჭერა პარტიის მიმართ ჩანს პროპორციული არჩევნების დროს. პარტია თუ პროპორციული არჩევნების დროს მიიღებს ხმების 40%, მაგრამ მას მაჟორიტარების ხარჯზე პარლამენტში ჰყავს არა დეპუტატების 40%, არამედ 70%. ამიტომ ვერ ელევა ხოლმე ვერც ერთი ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას“.

რომელ სოციალურ ჯგუფს ეკუთვნიან საქართველოში მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატები

„სხვადასხვა არჩევნების დროს, არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 2016, 2012 წელს, თუ ადრინდელი არჩევნები, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვში დიდია ბიზნესმენების წილი. ისინი თავის მდგომარეობას იყენებენ საკუთარი ბიზნესინტერესების დასაკმაყოფილებლად მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობა პარლამენტის წევრს აკრძალული აქვს. ჟარგონით რომ ვთქვათ, მერე ხდება „დაკრიშვა“, პარლამენტის წევრის სტატუსის გამო, ისინი თავად ახერხებენ საკუთარი ბიზნესის „კრიშის“ ფუნქციის შესრულებას.

რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას ამას უნდა აკონტროლებდეს პარლამენტი, საჯარო სამსახურის ბიურო, სადაც დეკლარაციებს წარადგენენ, უნდა ხდებოდეს დეკლარაციების ანალიზი. თუმცა ჩვენთან დემოკრატია აქამდე ვერ მივიდა, რომ დეპუტატის ბიზნესსაქმიანობა აკონტროლოს და ფორმალურად პარლამენტის წევრებს ბიზნესის მართვა გადაცემული აქვთ მესამე პირისთვის, მეუღლისთვის, შვილისთვის, დისთვის, ძმისთვის. თუმცა რეალურად თავად ხელმძღვანელობენ ამ ბიზნესს, ამას არავინ აკონტროლებს. ასეთი საქმიანობა კონსტიტუციურად არის აკრძალული. პარლამენტის წევრს, რომელიც ამგვარ საქმიანობას ეწევა საპარლამენტო საქმიანობის უფლება უნდა შეუწყდეს. ამის კონტროლი არც ხორციელდებოდა და არც ხორციელდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები