ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ – სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში 27 ნოემბერს დაიწყება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს ღირსების შელახვას ედავება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სამართლიანობა არ აღდგება საქმის “ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში” წარმართვას გეგმავს.

“არაერთხელ გავაპროტესტე, რომ ჩემი სარჩელი სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ერთი წელი იყო გაჩერებული. ერთი წლის წინ, მე გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმეზე, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილმა უნამუსოდ მოიტყუა და მე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა და აგენტობა დამაბრალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ხსენებული ფაქტი, რომ მე ვიყავი მოსკოვში და მან ეს თქვა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში იყო მოსაზრება. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში.

გუშინ ჩვენ მოგვივიდა შეტყობინება, რომ მოსამართლე გენადი მაკარიძის თაოსნობით ეს საქმე 27 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში განიხილება, ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ.

პირველი პრობლემა არის ის, რომ თუ იუსტიციის საბჭოს წევრს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელზე უწევს ლოდინი ერთი წელი, რომ სხდომა ჩაინიშნოს და ეს არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ყველა ვადას (მაქსიმალური ვადა 5 თვეა), მაშინ რა მდგომარეობაში აყენებენ ჩვენი სასამართლოები საქართველოს მოქალაქეებს.

მეორე პრობლემა არის ის, რომ ბატონი მაკარიძე სექტემბერში, სულ 2 თვის წინ დაწინაურდა, რა თქმა უნდა კლანის მიერ. შესაბამისად ჩნდება კითხვები, რატომ დაეწერა ჩემი საქმე, რატომ შეეცვალა მოსამართლე ჩემს საქმეს და რატომ დაეწერა სახელდახელოდ დანიშნულ ერთ-ერთ ფავორიტ მოსამართლეს ეს საქმე.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ეს სამარცხვინო მსჯელობა, რომ თითქოს ადამიანი იყო მოსკოვში, ეს შეიძლება იყოს მოსაზრება. როგორია იყო მოსკოვში და ეს იყოს მოსაზრება, ეს არის ფაქტი და მას სჭირდება დადასტურება და ბოდიშის მოხდა დიმიტრი გვრიტიშვილის მხრიდან.

მოგეხსენებათ ჩემი დაპირისპირებული მდგომარეობა “კლანთან”, აქედან გამომდინარე მე ყველა უფლება მაქვს, რომ საქალაქო სასამართლოს მიმართ სკეპტიკურად ვიყო განწყობილი. საქმის დანიშვნა უკავშირდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დასრულებას. “კლანი” გადის ბოლოში, მათი რამდენიმე მოსამართლე აღმოჩნდება უზენაეს სასამართლოში, შესაბამისად “კლანს” გარანტირებული აქვს, რომ უზენაეს სასამართლოში თუ ჩემი საქმე მოხვდება იქ “კლანის” სამოქალაქო მოსამართლეები დახვდება.

მე არ მაქვს სამართლიანობის იმედი და საბოლოო ჯამში, ვაპირებ ეს საქმე სტრასბურგში “ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში” წარიმართოს”, – განმარტა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები