კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

კინოთეატრ “ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს ​აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა. როგორც პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა განაცხადა, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა სასამართლოს გირაო 3 000 ლარის ოდენობით შესთავაზა.

სასამართლოს სიტყვით მიმართა ბრალდებულმაც. მისი თქმით, მას არ დაუგეგმავს ანა სუბელიანის დაზიანება.

“პროკურორს არ ვეთანხმები. შემთხვევით აღმოვჩნდი და არ იყო ეს დაგეგმილი. დაგეგმილი რომ ყოფილიყო, შედეგები მძიმე იქნებოდა. ვყოფილვარ მანამდეც ლგბტ აქციებზე. სიმპატიებით არ ვარ განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიძულვილით ვარ შეპყრობილი. ადგილზე გავარკვიე რა იყო გასაპროტესტებელი. იქ შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემს გვერდზე აღმოჩნდა სუბელიანი და ის ბიჭი. მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა მოქალაქეები. იმათი მხრიდან იყო პროვოცირება, იქ იყო კორიდორი და ესენი შეგნებულად გადმოვიდნენ. რასაც მერე ცუდი რაღაც მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან და პოლიციაც ჩაერთო. იმ ბიჭს ვესროლე მობილური ტელეფონი. გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა. ეს არ იყო დაგეგმილი. რომ დამეგეგმა მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს“, – განაცხადა შალვა შევარდნაძემ.

დანაშაული გამასწორებელი სამუშაოს, შინაპატიმრობას ან პატიმრობას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; “ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები