ეკა ბესელია: მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ

არა მგონია მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს უკავშირდებოდეს, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს.

“თუ ამ საქმესთან იქნებოდა კავშირში, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქამდე უნდა ყოფილიყო მიღებული. დროში იმდენად დაცილდა, არ მგონია სტრასბურგში განაცხადის შეტანა ამის განმსაზღვრელი იყოს.

სტრასბურგის სასამართლოში განაცხადის შეტანა საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს ითვალისწინებს. მე ამ თემას ამიტომ ვერ დავუკავშირებდი. არ ჩანდა აქ ეს პოზიცია, რომ მინისტრი ამის გამო თვლიდა თავს დამნაშავედ. არ მგონია, რომ ეს კავშირში იყოს. შესაძლოა, ის იყოს კავშირში იმასთან, რომ სამინისტროს ხელახლა გაყოფის საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას უმრავლესობის შიგნით. არის მოსაზრება, რომ თავის დროზე, როდესაც კულტურის და სპორტის სამინისტრო გაერთიანდა სწორი გადაწყვეტილება არ იყო და ახლა რაღაც ჯგუფი ფიქრობს, მათ შორის უმრავლესობაში, რომ ისევ უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს და ამ საკითხზე გარკვეულ უთანხმოებას. არ მგონია, რომ მინისტრმა თანამდებობა თავად დატოვა. მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ”, – აღნიშნა ბესელიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. ბატიაშვილის თქმით, თანამდებობის დატოვება საკუთარ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ამასთან, გუშინ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები