სუს-ი: ქართული მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული განცხადებაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ. როგორც “სუს”-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, აღნიშნული საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციაა.
“​ეს დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან მორიგი პროვოკაციული განხცადებაა და აღნიშნული რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.
დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სოფელ ყობში მცხოვრები გენადი ბოსიკოვიც.
“აქ ვარ მთელი დღეა, არაფერი არ გამიგია. რამე რომ ყოფილიყო აუცილებლად გავიგებდი. რას იგონებენ ეგენი. სიმშვიდეა აქ, ვითარება არ შეცვლილა და ტყუილ ამბებს ნუ ავრცელებენ”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” გენადი ბოსიკოვი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, 5 ნოემბერს სოფელ ყობში საქართველოს შსს-ის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ავტომატური იარაღი იქნა გამოყენებული.

„ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივებმა ჩორჩანა-ყობი-კოდა-ატოცის რაიონში საქართველოს შსს საგუშაგოების განთავსებით, დაძაბულობის ესკალაციის არსებობის, სოფლის მაღლობზე ქართული დროშის აღმართვის მცდელობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. ყოფითი კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროს ორივე მხარემ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც ორი ადგილობრივი დაიჭრა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს“,-ნათქვამია განცხადებაში.

„კგბ“-ში აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შემდეგ, შსს-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივებზე ზეწოლა განახორციელეს, რომ მათ ეთქვათ, რომ ორმხრივი სროლა უკავშირდებოდა „სამხრეთ ოსეთის მხრიდან სადაზვერვო ჯგუფის შეღწევას“.

„ჩვენი ინფორმაციით, კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, სოფელი ყობი მედიისთვის, ქართული და უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მთლიანად დაიკეტა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები