“სემეკმა” “ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნები უსაფუძვლოდ ცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ა(ა)იპ – “ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ასევე არ დაკმაყოფილდა “ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნა, აღნიშნული სადავო საკითხის საჯარო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილებასთან დაკავშირებით.

კომისიამ მიიჩნია, რომ “ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის ქცევა სემეკის საჯარო სხდომაზე, მათსა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავის საჯარო განხილვისას, მიზნად ისახავდა კომისიის კონკრეტული წევრის საქმის განხილვისგან ჩამოშორების ხელოვნური საფუძვლის შექმნასა და შესაბამისად, კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

2019 წლის 19 თებერვალს “ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელმა არჩილ კაიკაციშვილმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სემეკს “ჯორჯიან უოთენ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დარიცხული სასმელი წყლის საფასურის გაუქმება. სემეკმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და 2019 წლის 18 მარტს აღმასრულებელი დირექტორის მიერ “ახალგაზრდა ადვოკატებს“ გაეგზავნა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გამართული აღრიცხვის კვანძით აღრიცხული სასმელი წყლის საფასურის ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ორგანიზაციის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული იყო და საჩივარი ვერ დაკმაყოფილდებოდა. აღნიშნული წერილი “ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც, საკითხი კომისიას უკან დაუბრუნდა, საჯარო სხდომაზე განსახილველად. სადავო საკითხის განხილვა კომისიამ 30 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე დაიწყო. 7 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ საფუძვლიანად მიიჩნია შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ა(ა)იპ “ახალგაზრდა ადვოკატებზე“ განხორციელებული დარიცხვა.

გარდა ამისა, 31 ოქტომბერს სემეკს მიმართა “ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და მოითხოვა კომისიის წევრ, გიორგი ფანგანის აცილება აღნიშნული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. განმცხადებელი მიუთითებდა აცილების სხვადასხვა საფუძველზე, რომლებიც არ ასახავს ობიექტურ გარემოებებს და წარმოადგენს განმცხადებლის სუბიექტურ მოსაზრებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები