ეკატერინე მიქაბაძე: სექტემბრის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის
„სექტემბრის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.
“საქსტატის წინასწარი შეფასებით 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. შედეგად 9 თვის საშულო მაჩვენებელი 5 პროცენტია, ხოლო მესამე კვარტლის რეალური ზრდა 5,7 პროცენტი. საქართველოს ეკონომიკის პოზიტიური ზრდის მოლოდინებზე და პერსპექტივებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ სულ ახლახანს ოქტომბრის თვეში სარეიტინგო კომპანიამ Standart & Poor’s-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებისათვის და საქართველოს ინსტიტუციურ სიძლიერეს უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია რეფორმებიც, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისათვის, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექტემბრის თვეში გვქონდა დივერსიფიციებული ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა: მშენებლობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტში. ეს არის სწორედ იმ რეფორმების შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ. კაპიტალური ხარჯები გაიზარდა 86%-ით და 489.7 მლნ. ლარი შეადგინა.
ცნობისათვის, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 5.7 პროცენტით განისაზღვრა.