კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომელს ჯგუფურ სექსუალურ კავშირებში მონაწილეობას სთავაზობდა – ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველმა კერძო კომპანიაში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს, მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელი პირი სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ნ. კ. 2018 წლის 5 აპრილიდან 30 აპრილამდე დასაქმებული იყო შპს „…“ გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე და მოპასუხე – დ. ი.-სთან სამსახურებრივად დაქვემდებარებული ურთიერთობა ჰქონდა.

“შპს „…“ თბილისში ორი ოფისი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთში მუშაობის დაწყებიდან, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, მოსარჩელესთან ყოველდღიურად მიდიოდა დ.ი. და აკვირდებოდა სამუშაო პროცესს. მოგვიანებით,
მოპასუხის გადაწყვეტილებით, ნ. კ. სხვა ოფისში გადაიყვანეს, სადაც მუდმივად იმყოფებოდა თავად დ. ი., მისი ასისტენტი თ. ბ.
და ოფისმენეჯერი შ. რ. ნ. კ.-ს განმარტებით, ახალ ოფისში გადასვლის პირველივე დღიდან, დ. ი. მას სექსუალურად ავიწროებდა სხვადასხვა საშუალებით. კერძოდ, მოპასუხე ნ. კ.-ს თანდასწრებით საუბრობდა თავისი სექსუალური ცხოვრებისა და გემოვნების შესახებ, რაც ასევე მოიცავდა ინფორმაციას მისი სექსუალური პარტნიორების შესახებ,” – ნათქვამია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე, ვრცლადაა საუბარი საქმის დეტალებზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ დ. ი.-მ მოსარჩელე აიძულა, გაემხილა ინფორმაცია მისი პარტნიორისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ნ. კ.-ს მითითებით, აღნიშნულს მოჰყვა დ. ი.-ს მხრიდან დაჟინებული თხოვნები, რათა მოსარჩელე თავის პარტნიორთან ერთად შეერთებოდა მოპასუხის სექსუალურ ცხოვრებას. ნ. კ. აკონკრეტებს, რომ დ. ი. და მის ცოლს, თ. ბ.-სთან ჰქონდათ სექსუალური ხასიათის ურთიერთობა და სწორედ მათთან ერთად სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა მოპასუხე.

სარჩელში მითითებულია, რომ აღნიშნული შინაარსის შეთავაზებებზე მოსარჩელემ რამდენჯერმე უთხრა უარი დ. ი.-ს მოსარჩელის განმარტებით, სექსუალური კავშირის დამყარებაზე უარის თქმის შემდეგ, დ. ი. შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ტექსტებს იყენებდა მის მიმართ. კერძოდ, მოპასუხე ნ. კ.- ს უარს მიაწერდა ქართულ მოძველებულ მენტალიტეტს, ნეგატიურ კონტექსტში მიუთითებდა მოსარჩელის ეროვნებაზე და ეჭვიან მესაკუთრედ მოიხსენიებდა.

ნ. კ. ასევე მიუთითებს შემთხვევაზე, როდესაც, დ. ი.-მ შპს „…“ ოფისში სთხოვა თვალები დაეხუჭა, რის შემდეგაც გაასინჯა ტკბილი, ჟელეს კონსისტენციის მასა. მოპასუხემ სთხოვა, გამოეცნო აღნიშნული სითხის შემადგენლობა, რაზეც მოსარჩელემ უპასუხა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო საკვები ჟელე. აღნიშნულზე დ. ი.-მ დაცინვით უთხრა, რომ ეს იყო სქესობრივი აქტის დროს გამოსაყენებელი სითხე და ნ. კ.-ს, მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, ეს უნდა სცოდნოდა.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 28 აპრილს დ. ი.-მ სამუშაო ადგილზე სთხოვა ეჩვენებინა გენიტალიები. მოპასუხემ გენიტალიების აღსანიშნავად გამოიყენა სიტყვა “არსე“ რომლის მნიშვნელობაც მისთვის უცნობი იყო, მოსარჩელემ აღნიშნულ თხოვნაზე უარყოფითი პასუხი გასცა. რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე ოთახში მყოფმა თ. ბ.-მ ხუმრობანარევი ტონით მოუწოდა მოსარჩელეს რომ დათანხმებოდა დ. ი.-ს თხოვნას და აუხსნა რომ მოპასუხის მიერ წარმოთქმული სიტყვა „არსე“-ში ქალის გენიტალია იგულისხმებოდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ ზემოთ მითითებული ფაქტების გამო, ვეღარ შეძლო სამუშაოს გაგრძელება და ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი წერილობით ოფიციალურად აცნობა მოპასუხეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. დ. ი.-ს მხრიდან სექსუალური შევიწროების და შეურაცხმყოფელი სამუშაო გარემოს შესახებ მოსარჩელე მუდმივად უზიარებდა წუხილს თავის ორ მეგობარს – ნ. უ.-ს და ე. ბ.-ს. სარჩელს თან ერთვის მოსარჩელისა და ნ. უ.-ს მიმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, ე. ბ.-ს და ნ. უ.-ს ახსნა-განმარტებები.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრების დასკვნაში ნათქვამია, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა, რომლის დასადგენად არ არის აუცილებელი შესადარებელი სუბიექტის არსებობა, ასევე, ამგვარი ქმედება ვერ გამართლდება ლეგიტიმური მიზნით.

“სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობის შესახებ მსჯელობისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად ხვდება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ამ ცნების დეფინიციაში, რომელიც გულისხმობს, რომ სახეზე უნდა იყოს სექსუალური ხასიათის ფიზიკური ან ვერბალური სახის ქმედება, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ სქესზე, მსხვერპლისთვის არის არასასურველი, ლახავს მის ღირსებას ან უქმნის დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს. აღნიშნულის შემდეგ, მნიშვნელოვანია შეფასდეს, არის თუ არა სახეზე რაიმე გარემოება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს და არგუმენტაციას გააქარწყლებდა”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები