მაია ცქიტიშვილი: ასურეთის რეაბილიტაცია ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს

ასურეთის რეაბილიტაცია ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

“ქართულ-გერმანული ურთიერთობის, მეგობრობის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ დასახლებამ უკვე შეიძინა თავისი ადგილი ტურისტულ მარშუტებში, განსაკუთრებით კი, იმ ტურისტებს შორის, რომლებიც გერმანიიდან ჩამოდიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასურეთს დაუბრუნებს არა მარტო სილამაზეს, არამედ ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს და კერძო სექტორის დაინტერესებასაც გამოიწვევს”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სოფელ ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ, ჯამში, ექვს მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი, ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება. შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები