გიორგი ანდრიაძე: ვინ ვისკენაა დღემდე გაუგებარია, ხვალ გამოჩნდება, სინოდს, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს გამონათქვამები, რომლებიც კულმინაციას აღწევს, აიძულებს სინოდს, რომ მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა.
ანდრიაძე ფიქრობს, რომ წმინდა სინოდის ხვალინდელი სხდომა ერთერთი ყველაზე მძიმე იქნება.
„ჩემი აზრით, სინოდის სხდომა იქნება ძალიან მძიმე და მწვავე. როგორც ჩანს, ყველა ძალა, ის ეპისკოპოსები, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ პეტრეს და იაკობის უკან დგანან, გამოაშკარავდებიან. ერთერთი მძიმე სხდომა იქნება, რაც კი აქამდე ყოფილა. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ფაქტია, რომ იაკობის და პეტრეს გამოანთქვამები, რომელიც კულმინაციას აღწევს, აიძულებს სინოდს, რომ მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს. რასაც გაურბოდა და არიდებდა თავს პატრიარქი, სამწუხაროდ, ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ძალთა თანაფარდობა როგორია, ეს ყველასთვის უცნობია, ვინ ვისკენაა დღემდე გაუგებარია, მაგრამ ხვალ გამოჩნდება“, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, საპატრიარქოს გარშემო შექმნილი ნებისმიერი სკანდალი ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც ეკლესიის, ასევე მთლიანად ქვეყნის იმიჯზე.
„ძალიან სამწუხარო თემას ვეხებით, იმიტომ, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებებისა, შეიძლებოდა, ამ ფაქიზი თემისთვის გვერდი აევლოთ და არ გამხდარიყო ასეთი მსჯელობის საგანი . საქართველოს ეკლესია არ არის რიგითი კონფესია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველაფერი კონსტიტუციური შეთანხმებითაცაა გამყარებული, საქართველოს სახელმწიფო მას აღიარებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ეს არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია. მის გარშემო შექმნილი ნებისმიერი ასეთი სკანდალი ძალიან ნეგატიურად აისახება როგორც ეკლესიის, ასევე მთლიანად ქვეყნის იმიჯზე.
ასეთი პრობლემები ნებისმიერ ქვეყანაში წყდება უშიშროების სამსახურის მიერ, თუ ეს უშიშროება ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს და ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც ლახავს ქვეყნის, საპატრიარქოს იმიჯს გვარდება სხვანაირად და არა ასეთი სკანდალით, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში. ოპოზიცია იქნება, თუ პოზიცია რამის მოგვარება რომ სდომოდათ, თავიდანვე, როცა ეს საკითხი დაიწყო, მაშინვე უნდა გარკვეულიყო ყველაფერი. არსებობდა ორი ეპისკოპოსი პეტრე და იაკობი, რომლებიც ურთერთგამომრიცხავ პოზიციებზე იდგნენ და საჯაროდ შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს, პეტრე პატრიარქის შეურაცხყოფაზეც გადავიდა ბოლო პერიოდში . ასეთი პროცესი ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის და ეკლესიის იმიჯზე, დამღუპველია და მასზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, უშიშროების სამსახური, ვინაიდან სწორედ მან უნდა დაუსვას წერტილი ამ გაურკვევლობას და მკაფიოდ განაცხადოს, რაშია საქმე. არის ერთი ეპისკოპოსი, რომელიც აცხადებს გიორგი მამალაძეს მოწამედ და უსამართლოდ დევნილად, ის უნდა გამართლდეს და შესაბამისად, მეორე ეპისკოპოსი, რომელიც მამალაძეს მკვლელად აცხადებს, უნდა დაისაჯოს. ან პირიქით, თუ მამალაძე დამნაშავეა მკვლელობის მცდელობაში, მის გვერდით უნდა ისხდნენ სხვადასხვა სასულიერო პირები, რომლებიც ღიად უჭერენ მას მხარს. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანია, მიზნად ისახავს მისი ავტორიტეტის შელახავს და საზოგადოებრივი არენიდან გაძევებას. ამაზე მეტყველებს გამოკითხვების შედეგებიც, რომელსაც ატარებენ ხოლმე საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტები, თუ ადრე ეკლესიის რეიტინგი იყო 86-90 %, დღეს დაცემულია 50 %-მდე“- განაცხადა ანდრიაძემ.
შეგახსენებთ, ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, -ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში გუშინ გააკეთა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
თამუნა შეყილაძე