ლევან გოგიჩაიშვილი: მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს“ მოგება, ეს არის სამარცხვინო
მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში, ეს არის სამარცხვინო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გოგიჩაიშვილმა კოლეგებს მოუწოდა, რომ იერიში მიიტანონ “სიკვდილის ინდუსტრიაზე.
“მე უბრალოდ მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ავტომობილი, 2019 წლის “პორშე“ მოიგო. მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.