საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო პოლონეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარჩინ პშიდაჩი.
კონსულტაციებისას მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. ასევე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
საუბარი ასევე შეეხო პოლონეთთან არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის, „თბილისის კონფერენციის”, მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფორმატად გარდაქმნის პერსპექტივას.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობა განათლების, კულტურის და ინფრასტრუქტურის სფეროებში, ასევე პარლამენტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა.
კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო ურთიერთთანადგომის მზაობა გამოხატეს.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს. პოლონეთის მხარემ კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მომავალშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა ამ მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.
კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.