ნინო გოგუაძე: იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
პროპორციული სისტემის შემოღებას მრავალი წელი ელოდებოდა საზოგადოება, თუმცა ამ დრომდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. მიზეზიც მარტივი იყო – პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ძალაუფლება არ ეთმობოდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტები განიხილა და დაამტკიცა.
“რას ნიშნავს “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ბუნებრივი (0%) ბარიერით:
პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე 13 000 ამომრჩევლის მხარდაჭერას მაინც მიიღებს;
არჩევნების შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასაც მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილებების მისაღებად;
საზოგადოების ყველა ჯგუფს ეყოლება მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსი პარლამენტში. იქნება მეტი განსხვავებული მოსაზრება და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი;
გაჩნდება ფუნდამენტურად ახალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში.
კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ნაცვლად 3 პოლიტიკური პარტიისა, პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.