ჰონგ-კონგის მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტი, რომელიც მასობრივი არეულობების მიზეზი გახდა, უკან გაიწვია
ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადაციის შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად გაიწვია. კანონპროექტი თვეების განმავლობაში მასობრივი პროტესტის და არეულობის მიზეზი იყო.
ამის შესახებ ჰონგ-კონგის უსაფრთხოების საკითხებში მდივანმა ჯონ ლიმ, საკანონმდებლო საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისიდან მიმდინარეობს. ექსტრადაციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჰონგ-კონგის მკვიდრმა ტაივანში შეყვარებული მოკლა. ექსტრადაციის შესახებ შეთანხმების არარსებობის პირობებში, მამაკაცს ტაივანს ვერ გადასცემდნენ.
პრობლემის მოგვარების მიზნით, ჰონგ-კონგის მთავრობამ კანონში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. თუმცა კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილება ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემის დამოუკიდებლობას დაარღვევს და ჩინეთის ცენტრალურ მთავრობას მისთვის არასასურველ ადამიანებთან ბრძოლის შესაძლებლობას მისცემდა.