საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს ირჩევენ

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრების არჩევა მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება – საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ გახსნა. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს პროკურატურისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან პირველად ხდება იმ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის განახლება, რასაც საპროკურორო საბჭო ჰქვია.

“საპროკურორო საბჭო არის ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობებში, თუმცა, კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება, რის გამოც ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. ძალიან მიხარია, რომ მსურველები არიან, მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ახალი კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის რეგულაციის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე, უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას და აბსოლუტურად პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველოს პროკურატურის მართვას. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ხარისხის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ გეძლევათ საშუალება შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც გექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას, როგორც ინდივიდუალურ პროკურორს, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ დღეს მაქსიმალურად ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებებს“, -განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და ევროკავშირის “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის“ პროექტის მხარდაჭერით სასტუმროში “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ტარდება.

საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

“პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.

2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით :

2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე;
1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;
2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;
1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები