გიორგი კონდახიშვილი: მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა ის შეზღუდვა, რაც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება

ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რაც, მისი თქმით, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მისვლასა და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაშიც ფაქტობრივად გენერალური პროკურორი გვეთანხმება, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვა დაუშვებელია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან“, – განმარტა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და მისი თავდებობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. ნიკა მელიას თავდებში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი დეპუტატი დაუდგა. მიუხედავად ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა ის შეზღუდვა, რაც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება.

საქმის არსებითი განხილვის სხდომა 21 ოქტომბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა უკავშირდება 20-21 ივნისს საქმეს, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები