შალვა თადუმაძე: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის ეფექტიანობას შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება

დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონება, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, ბექა ოდიშარიას კითხვის პასუხად განაცხადა.

ბექა ოდიშარია დაინტერესდა, რამდენად შეუწყო ხელი გენერალური პროკურორის მენეჯმენტმა იმას, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტში დაჩქარებულიყო “თაროზე შემოდებული საქმეების” გამოძიება, რამდენი ადამიანისთვის დადგა სამართალი და რა გააკეთა ამისთვის უშუალოდ უწყების ხელმძღვანელმა?

“აღნიშნული დეპარტამენტი გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე მე გავხდებოდი მთავარი პროკურორი. ამ დეპარტამენტს საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სამართლიანობა აღდგენილიყო. აღნიშნულ დეპარტამენტის ეფექტიანობა მხოლოდ დეპარტამენტის მუშაობით ვერ განისაზღვრება, თუ არ იქნა შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ერთი, ეს არის ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, თუ არ ვცდები, მეორე წელია გაჩერებულია პარლამენტში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე და მეორე, დოკუმენტი, რომელიც მთავრობაშია, დაახლოებით, 5-7 თვეა წარდგენილი, ის ეხება ალტერნატიული ქონებებით ჩანაცვლებას, იმ ქონებრივი უფლების მოთხოვნაზე, რომელიც პირს გააჩნია დანაშაულის შედეგად ჩამორთმეულ ქონებებთან მიმართებაში”, – განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძემ განმარტა, რომ დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონება, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული.

“თუ არ ვცდები, დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონებრივი რესურსი, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული ამ პერიოდის განმავლობაში. შეიძლება უფრო მეტსაც. საუბარია რამდენიმე ათას საქმეზე. ჩემი უშუალო მონაწილეობა ამ საქმიანობაში იყო ის, რომ გენერალურმა პროკურატურამ მოახდინა გარკვეული სისტემატიზაცია იმ საქმეების, რომლებიც, ერთი მხრივ, ითხოვს სახელმწიფოსგან ფინანსურ ანაზღაურებას, მეორე მხრივ – ქონებრივ ანაზღაურებას, მესამე მხრივ – ალტერნატიულ ქონებრივ ანაზღაურებას და მეოთხე მხრივ – მხოლოდ რეაბილიტაციას. თუ აქამდე არ იყო, ეს არ იყო ინფორმირებული და დოკუმენტურ დონეზე დადასტურებული, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით რამდენიმე მილიარდ ლარს შეადგენს იმ ქონების საერთო ღირებულება, რომელთა მიმართაც მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ უკანონო ზემოქმედების შედეგად ჩამოართვეს ეს ქონება”, – განმარტა თადუმაძემ.

მისი თქმით, მხოლოდ პროკურატურის რესურსით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები