ანრი ოხანაშვილი: თქვენ ხართ მოქალაქე და როგორ მოსამართლეს ისურვებდით ყველაზე მეტად? თქვენთვის რა იქნებოდა ნომერ პირველი ამოცანა?

როდის შეიძლება დადგეს საკითხი, როდესაც პოზიტივიზმი არის იმდენად უსამართლო, რომ საჭიროა ზეკანონური სამართლის ნორმებით ჩარევა და მოქმედება?, – აღნიშნული კითხვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს მიმართა.

ოხანაშვილმა გუსტავ რადბრუხის ფილოსოფიური მიდგომის მიხედვით დაუსვა შეკითხვა თამარ ზამბახიძეს და კონკრეტულად პოზიტივიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებულ მეთოდზე ისაუბრა.

“თქვენ ახსენეთ გუსტავ რადბრუხის ფილოსოფიური მიდგომები სამართალში და ასევე, ის მიდგომა, რაც წარიმართა პოზიტივიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმის შემდგომ პირობებში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია განვითარებული კანონიერი უსამართლობის და ზეკანონური სამართლის მიმართებით. თქვენი აზრით, როდის შეიძლება დადგეს საკითხი, როდესაც პოზიტივიზმი არის იმდენად უსამართლო, რომ საჭიროა ზეკანონური სამართლის ნორმებით ჩარევა და მოქმედება?”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იგი ასევე დაინტერესდა თამარ ზამბახიძის აზრით იმასთან დაკავშირებით – სამართლებრივი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია თუ სამართლიანობა?

“ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სრული სურათი, პორტრეტი ადამიანის შესახებ, რომელიც უნდა აირჩიოს ან არ აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში. თქვენთვის, როგორც პოტენციურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, მოქალაქის თვალით დანახული როგორ მოსამართლე იქნებით? წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოქალაქე თამარ ზამბახიძე, რომელიც არ არის მოსამართლე. თქვენ ხართ მოქალაქე და როგორ მოსამართლეს ისურვებდით ყველაზე მეტად? თქვენთვის რა იქნებოდა ნომერ პირველი ამოცანა, რომ თქვენ, როგორც მოქალაქე გექნებოდათ იმის განცდა, რომ ეს არის ის მოსამართლე, აი ამ პრინციპით, რომელიც მე მაძლევს იმის სტიმულს, რომ უზენაეს სასამართლოში არის კომპეტენტური ღირსეული ადამიანი. რა იქნებოდა ნომერ პირველი პრინციპი თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც შორიდან დააკვირდებოდით ამ პროცესს” – მიმართა ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

დეპუტატი დაინტერესდა, სამოსამართლო პრაქტიკის პერიოდში თუ ჰქონია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაწერილი განსხვავებული აზრი და ასევე, მისი ხედვით იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნებოდა სამართლის განვითარებისთვის და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი.

“თქვენ რომ მოგიწიოთ დასაშვებობის ეტაპზე საკითხის განხილვა, რომელიც იქნება სამართლის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, როგორც ეს დასაშვებობის ეტაპზე არის განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რა იქნებოდა თქვენთვის ის საკითხი, სადაც თქვენ ჩათვლით, რომ ეს საკითხი არის სამართლის განვითარებისთვის და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა თამარ ზამბახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები