კახა კალაძე: სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფეისბუქლაივში” ჩართვისას განაცხადა.

“მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, ამიტომ განვმარტავ, რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა”, – განმარტა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მერიის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა.

“ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, რომელიც შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, ჩვენ გვაქვს დაანონსებული, რომ პირველი დავიწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ავტობუსები ძალიან მალე იქნება ჩანაცვლებული ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე დღეში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მეტროში 40 ახალი ევროპული ვაგონის შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მზადდება.

“მეტრო რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში იქაც მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ელექტროგადამცემი ხაზები ანუ ძალოვანი კაბელები, რომელიც მეტროშია განთავსებული რამდენიმე ათეული წელია ხელი არ მოუკიდია არავის, არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა და ჩვენ დავიწყეთ მისი რეაბილიტაცია, რომ მეტროთი მგზავრობა იყოს ყველანაირად უსაფრთხო, გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვამზადებთ დოკუმენტაციას 40 ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ მეტროს თემა მთლიანად მოწესრიგებული და მოგვარებული იყოს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, ტაქსების რეფორმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლების სამსახურის გარეშე დატოვება სიმართლეს არ შეესაბამება.

“დაახლოებით 6000 -ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000 -მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე”,- თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და სხვა სიახლეები ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები