პაატა ზაქარეიშვილი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე: გული მწყდება, თუ ქართულმა მხარემ გამოიჩინა ინიციატივა და ამის აღიარების რცხვენიათ

გული მწყდება, თუ ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე ქართულმა მხარემ გამოიჩინა ინიციატივა და ამის აღიარების რცხვენიათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ზაქარეიშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს იყო არა რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობა, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

„საინტერესო პროცესები მიდის საქართველოში და ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა იყო ზალკალიანის და ლავროვის მოულოდნელი შეხვედრა, არ იყო დაანონსებული და იმიტომ. თუმცა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, არ მჯერა, რომ ეს შეხვედრა სპონტანური და მოულოდნელი იქნებოდა. ვითომ მოულოდნელი შეხვედრები ხშირად წინასწარაა ხოლმე მომზადებული, უბრალოდ საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია რიგი მიზეზების გამო: ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები მხარეები, რომ შეხვედრა შედგება. რისკები არსებობს, რომ ანონსის შემდეგ, შესაძლოა, სხვა ძალები ჩაერთონ და შეხვედრას ხელი შეუშალონ. ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს, მიუღებელს. მოულოდნელობაში ვერ ვხედავ პრობლემას. პრობლემა სხვაა, ლავროვის კომენტარი და ის, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო შეხვედრის ფაქტს, ვიდრე იმას, თუ რაზე შეიძლებოდა, მათ ელაპარაკათ. მთელი 40 წუთი ილაპარაკეს, ეს ცოტა დრო არ არის. ამ დროში შეიძლება ბევრი საკითხის განხილვა, ან ერთი სერიოზული საკითხის განხილვა თავიდან ბოლომდე. ის, რომ ვლაპარაკობთ მხოლოდ შეხვედრის ფაქტზე და ლავროვმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება, დამაფიქრებელია. თუ ჩვენი მხრიდან იყო ინიციატივა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, კარგსაც ვხედავ, იმიტომ, რომ თუ რომელიმე მხარის სასარგებლოდ დრო არ მუშაობს, ეს ქართული მხარეა. დრო ყველაზე კარგად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთი უფრო და უფრო მეტად ითვისებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს. ამიტომ, ვთვლი, სწორიც იყო, თუ საქართველომ გამოიჩინა ინიციატივა. გული მწყდება, თუ მან გამოიჩინა ინიციატივა და ამის აღიარების რცხვენიათ. სწორედ ამას გაუსვა ლავროვმა ხაზი ცინიკურ განცხადებაში – ქართველებო, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით, რა გინდათო. თუ ჩვენთან შეხვედრა გინდათ, აგერ ვართ და გხვდებით. თუ გრცხვენიათ, რომ ჩვენთან შეხვედრა გინდათ, მაშინ რას თამაშობთ. ის, რომ შვეიცარია იქნებოდა შუამავალი ამაში ორი აზრი არ არსებობს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები და ამას აგვარებს შვეიცარია“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსულ მხარესთან შეხვედრები პარტნიორების ჩართულობით უნდა მოხდეს, რადგან პირისპირ შეხვედრებზე საქართველო სუსტია, მით უფრო ამ ხელისუფლების პირობებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს უცნაური რეპლიკები და კომენტარები, რომ არ შეიძლება რუსეთთან პირისპირ დაჯდომა მათ სისუსტესა და უუნარობაზე მეტყველებს. ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მაგარია. ყოვლად მიუღებელია მათი ეს შეფასება, რომ არ შეიძლება რუსეთთან დალაპარაკება. როცა სახელმწიფო ხარ, გაქვს შენი სახელმწიფო ინტერესები, ვისაც გინდა იმას დაელაპარაკე. მთავარია საქართველო იყოს ჩამოყალიბებული იმაში, თუ რა უნდა.
ამ შეხვედრის შედეგი ჯერ არ დამდგარა, შედეგი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ვნახავთ ხელმოწერილ დოკუმენტს, ან როცა ყველა ვიგრძნობთ, რომ პროცესები შეიცვალა. მაგალითად, თუ ერთი წლის განმავლობაში არ იქნება გავლებული მავთულხლართები.
აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა ხმების მოძიება, მობილიზაცია. ეს იყო არა რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების მცდელობა, არამედ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ამაში ცუდი არაფერია. „ქართულ ოცნებას“ სურს, ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მიმართულებით თავის თავისკენ მიიმხროს. იმიტომ, რომ ამ ხმებს ჯერჯერობით აკონტროლებს სხვა 2 პარტია, ესაა „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის პარტია“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს შეხვდნენ. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ შეხვედრაზე საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობითა და მათი ინიციატივით შედგა და მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო.

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი თავდაპირველად ქართულმა მხარემ გამოთქვა. მოგვიანებით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო მინისტრმაც. ამის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეხვედრა შვეიცარიის “ორგანიზებითა და ჩართულობით” შედგა, ხოლო სხვა დანარჩენი “გახლავთ ინსინუაციები ამ თემაზე”.

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა პირველი შემთხვევაა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები