ანრი ოხანაშვილი: რატომ არ არის მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ გაეცეს პასუხები გარკვეულ საკითხებს

„მაშინ, როდესაც პროკურატურა სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად ყოველმხრივ აწარმოებს გამოძიებას, ვფიქრობ, ვალდებულია მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან და პარლამენტის წევრებს არ ეკითხებოდნენ იმას, თუ რა ხდება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მე ეს მოთხოვნა პროკურატურასთან მიმართებაში მექნება და ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური, რომ შემდგომ პარლამენტის წევრებს არ მოუწიოთ თავის მართლება იმასთან მიმართებაში, თუ რატომ აღმოჩნდა კონკრეტული საქმე რომელიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში და მე ვფიქრობ ეს არის დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი”,- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანდიდატის პოზიცია, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოების სათანადო ინფორმირება ვერ ხდება, რიგი ობიექტური საფუძვლების გამო, არაა მისაღები, მისივე თქმით, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ისე, რომ ერთის მხრი მოხდეს საზოგადოება ინფორმირებული იყოს და ამავდროულად, არ დაზარალდეს გამოძიების ინტერესები.
„თუ თქვენ გაქვთ გარკვეული შემაფერხებელი გარემოებები, ესეც უნდა ითქვას. მესმის, რომ გამოძიების ინტერესებიდან თქვენ შეიძლება ყველაფერი ვერ ისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის პრობლემა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. პრობლემა იმის, რომ რაც თქვენ ფიქრობთ, რომ არის შემაფერხებელი გარემოება. პრობლემას ხომ არ ხედავთ იმაში, რომ კომუნიკაცია არ არის სწორად წარმართული საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას, უფრო დეტალურად, ისე, რომ არც საქმის ინტერესები დაზიანდეს და მეორე მხრივ არც პარლამენტის წევრი აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში და შემდგომ, თქვენც აქედან არ მოგიწიოთ პასუხების გაცემა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ასევე იმ ობიექტურ საფუძვლებზე, რაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის შემაფერხებელი გარემოება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის თაობაზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დადგენილების შემდგომ განხორციელებული საგამოძიებო ქმედებებით.

„ჩემი შემდეგი კითხვა უკავშირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას. მოგეხსენებათ რა მძიმე შედეგიც დადგა და ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი მოგვიწია იმ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. მოგეხსენებათ ის რეკომენდაციებიც, რომელიც იქნა დადგენილებაში ასახული, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. იქ საუბარი იყო კონკრეტულ რეკომენდაციებზე. საუბარი იყო სამსახურებრივი შემოწმების საკითხზე, ასევე კონკრეტულ პირებთან მიმართებაში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით ჩვენ და იმ საზოგადოებას, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენი პირია ამის შემდგომ პასუხისგებაში მიცემული , თუ არის ასეთი, რა მუხლებზე”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა მამუკა ვასაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები