მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე პირის შეწყალება მიუღებელია, გადაწყვეტილება ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალების საკითხს ეხება.

როგორც მან განაცხადა, მისთვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე პირის შეწყალება კატეგორიულად მიუღებელია.

„პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი როდესაც გავიგე, მეორე დღესვე გავაკეთე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი კიდევაც, რომ ადმინისტრაციამ ალბათ დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს ამაზე და იმ შეწყალების აქტში, როგორც ჩანს, სხვა ალოგიკური საკითხებით მოხვდა. ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. მართალია, კი ბატონო, რომ შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტისა, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკა, რა ლოგიკაშიც ალბათ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს და მართლებიც არიან. როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მას უნდა ჰქონდეს თავის ახსნა. ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება.

წინასწარ ამის რეგულირებაზე არანაირი საუბარი შეიძლება იყოს. ჩვენ შეიძლება დავსვათ დღის წესრიგში საკითხი, რომ გარკვეულ სპეციფიკურ ნორმებზე ვიფიქროთ, მაგრამ როგორ და რა გზით, რა სამართლებრივი ხერხებით, ამაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება. თუმცა ფაქტია, მოცემულობაა, რომ გადაწყვეტილებების კატეგორიულად მიუღებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია იფიქრო რაღაც რეგულირებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​ცნობისათვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ინფორმაციას ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები