25 წლის სკოლის დირექტორი საქართველოში: ახალგაზრდა აზერბაიჯანელებს, რომლებმაც ქართული იციან, უპრობლემოდ შეუძლიათ თანამდებობების დაკავება

მაგომედ ხალილოვი 1992 წელს დაიბადა, ის საქართველოში აზერბაიჯანული საშუალო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია. ხალილოვი გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალას სკოლას ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ამ თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა. სწორედ ამ დროს შეუსრულდა მას 25 წელი.
Report-ის ქართული ბიურო გთავაზობთ ინტერვიუს 27 წლის დირექტორთან.

როგორ დაინიშნეთ დირექტორად ?

ამ თანამდებობაზე კონკურსით, გამოცდის გარეშე დავინიშნე. იმ დროისათვის ყარაჯალას სკოლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო. მე წარმოშობით ყარაჯალადან ვარ და სწორედ ამ სოფლის სკოლაში ვსწავლობდი პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით. მოგვიანებით განათლების მიღება თბილისში გავაგრძელე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თითქმის 2 წელი გარდაბნის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურს ვასწავლიდი.
ასეთ ახალგაზრდას ალბათ გაგიჭირდათ სკოლის ხელმძღვანელობა?
რა თქმა უნდა, თუმცა სიძნელეების მიუხედავად, საინტერესოც იყო. მთავარი იყო სასწავლო პროცესის დალაგება სკოლაში ისე, როგორც ამას საქართველოს განათლების სამინისტრო ითხოვდა. ყოველთვის ვცდილობდი კარგი ურთიერთობების დამყარებას სკოლის ახალგაზრდა და გამოცდილ პედაგოგებთან. ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდა მასწავლებლები ყველანაირად ხელს უწყობენ შედარებით ასაკოვან მასწავლებლებს, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება -გამოყენებაში დაეხმარონ.

თქვენი სკოლიდან ბევრი გახდა სტუდენტი?

წელს 17 აბიტურიენტი გვყავდა, აქედან ერთმა საზღვარგარეთ წასვლა ამჯობინა. დანარჩენი 15 სტუდენტი გახდა. ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მე ყველას მადლობელი ვარ, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ შედეგის მიღწევაში.

იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში აზერბაიჯანელების თანამდებობაზე დანიშვნა რთულია და წინააღმდეგობები ხვდებათ?

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. ამიტომ აუცილებელია ვფლობდეთ ქართულ ენას. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო ენის არცოდნაა. ენის ცოდნა დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ჩემი სკოლის დირექტორად დანიშვნა ამის ნათელი მაგალითია. ჩემი შემთხვევა აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ უმაღლესი განათლების მქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე აზერბაიჯანელებს მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისას პრობლემები ექმნებათ. იმ აზერბაიჯანელებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ არსებული ვაკანსიების მოთხოვნებს, არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

ყარაჯალის სკოლას თუ აქვს რაიმე პრობლემები?

ჩვენი სკოლა 2011 წელს აშენდა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ. შენობა ახალია, ასე რომ, პრობლემები არ გვაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები