ილია მეორე: სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
 
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა.
 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა; ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას; ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
 
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები