„რატომ ცდით ვიღაცის მოთმინებას? ვიღაცის ვაჟკაცობას?“ – ზაზა პაპუაშვილი ემზარ კვიციანის ინციდენტს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეების ქცევა თავისუფალ სიტყვასთან არანაირ კავშირში არ იყო.
„მლანძღო, მაგინო და მე უნდა მქონდეს თმენის ვალდებულება? ეს აღარ არის სიტყვის თავისუფლება. ოჯახებში უნდა ჩავიხედოთ. მე რომ დავინახო ჩემი შვილი ასე ექცევა ვიღაცას, ძალიან რთული რეაქცია მექნება. ეს უკვე ზრდილობის საკითხია, ოჯახის თემაა. 60 წლის კაცი გამოდის პარლამენტიდან, ვის დაესხა თავს? მიდის თავის საქმეზე. ამხელა კაცს რომ მისდევ, წინ დაუხვდები, ცხვირში უსტვენ, შენი დორბლი რომ სახეზე ეცემა, ყურში რომ ჩასტვენ და მოღალატეს ეძახი, ამ დროს არ იცი როგორია მისი ბიოგრაფია.
ისინი როგორც ექცევიან ადამიანებს, ეს არის ელემენტარული უტაქტობა და უზრდელობა, არანაირ კავშირში არ არის თავისუფალ სიტყვასთან. ასე არ შეიძლება. რატომ ცდით ვიღაცის მოთმინებას? ვიღაცის ვაჟკაცობას? როგორ შეიძლება ადამიანი სახლში შევიდეს ასე ნალანძღი, ნაფურთხები, ასე დასტვენილი და თქვას, რომ იცით, თმენის ვალდებულება მქონდა. თქვენ ღირსება დაგავიწყდათ. არ შეიძლება ადამიანის ასე შეურაცხყოფა.
ძალადობაზე საქმე პირიქით უნდა აღიძრას, ეს თავისუფლების აღკვეთაა, ადამიანს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიესივნენ გიენებივით. შეხედეთ ქცევას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი პარლამენტის შენობის წინ მოხდა , სადაც მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები კვიციანს “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები