„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

ისევ დაუდევრობა, ისევ უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა და აფეთქებას გადარჩენილი კიდევ ერთი კორპუსი – „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს.
კორპუსის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს:
„საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეციალურმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სასწრაფო წესით გადაიკეტა გაზის ონკანები, დაკეტილ ბინაში შესვლის მიზნით კი სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.
„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი ღიად, გახსნილ მდგომარეობაში, დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ მოქალაქეს, რომელმაც ყურადღება გამოიჩინა და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა. მადლობა „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს დროულად და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის. კომპანია ასევე მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისთვის.
„თბილისი ენერჯი“ კიდევ გაფრთხილებთ – სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით საშიშია ცივი ამინდების დროს მაშინ, როცა ფართი არ ნიავდება. გახსოვდეთ, თქვენს უყურადღებობასა და დაუდევრობას შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, – ნათქვამია “თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები