იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას 23 სექტემბერს იწყებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კომიტეტში 23 სექტემბრიდან დაიწყება.
თუმცა, მანამდე კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ფრაქციისა და საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრაქციის წევრები, დამოუკიდებელ კანდიდატებს ეყოლებათ ერთი წევრი, იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესიული გაერთიანებები: ადვოკატთა ასოციაცია და იურიდიული დახმარების სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე სახალხო დამცველი.
ამის შესახებ ოხანაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივით, 1-ელ მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს ასარჩევ კანდიდატთა პროცესის უპრეცენდენტოდ ღიად, გამჭვირვალედ და ხანგრძლივად წარმართვა“.
„ამ კანონის მიღებამდე საზოგადოებამ არ იცოდა, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირის ნომინირება, ასევე არ წარიმართებოდა არანაირი საჯარო გასაუბრება.
დღეს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი კანდიდატებთან გასაუბრებას, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით გადმოეგზავნა 20 მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და თანდართული მასალები.
გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული ვადა, 10 დღე, რომ დაადგინოს შესაბამისობის საკითხი. 10 დღის შემდეგ, როდესაც დაადგენს სამუშაო ჯგუფი კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე 23 სექტემბერს თითოეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად დავიწყებთ გასაუბრებას“,-აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები