კახეთის რეგიონში ყურძენი საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში 23 ათასი ტონა ყურძენი: 10,7 ათასი ტონა რქაწითელი, 7,5 ათასი ტონა საფერავი, 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 2 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – 7 ათას ტონამდე, სადაც დედოფლისწყაროსთან ერთად, ტრადიციულად იწყება კახეთში ყურძნის კრეფა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 170 კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში “ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები