კანადაში, გამოფენაზე Apimondia 2019 ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე Apimondia 2019 ქართველ თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, კანადაში გამართულ 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა.
გამოფენა Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ.
„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას” და „Mercy Corps”-ის მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
გამოფენის ფარგლებში, მონრეალში მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესი და სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო.
სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა, ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება და პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.
„ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მსოფლიოში დარგის განვითარების მიმართულებით არსებობს. გამოფენაზე მკვლევარებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამეცნიერო მიმართულებით უახლესი მიღწევები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ჩვენთვის საამაყოა, რომ პირველად მოხდა ასეთი მასშტაბის გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენა. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოსთვის წარედგინათ უნიკალური თვისებების მქონე ქართული თაფლი და, ამავდროულად, მიეღოთ ინფორმაცია იმ სიახლეების თემაზე, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს ქართულ თაფლს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.
მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები