ამირან გამყრელიძე: თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის წითელაზე აცრილი, ვთხოვ მშობლებს მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წითელას აფეთქება შემოდგომაზე და ზამთარში კვლავ შესაძლებელია. მან მშობლებს მოუწოდა, რომ თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის წითელაზე აცრილი, მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან.
​როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა.
„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით.
შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები