ლევან ბოძაშვილი ჩორჩანას საგუშაგოზე – დათმობებით ვერაფერს მივაღწევთ რუსეთთან, რაც მეტს დავუთმობთ, მეტს მოითხოვს

დათმობებით ვერანაირ შეკავების ეფექტს ვერ მივაღწევთ რუსეთთან, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სადაც „კვირას“ მოწვევით იმყოფებოდა.
ბოძაშვილი ბოლო დღეებში ჩორჩანას საგუშაგოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც რაც უფრო მეტს დაუთმობ, მით მეტს მოითხოვს.
„ყოველთვის ვამბობდი, ეს პოზიცია მქონდა მაშინ, როცა ვიყავი უშიშროების საბჭოში თანამდებობის პირი, მანამდეც და ახლაც ვფიქრობ, რომ ჩვენ დათმობებით ვერანაირ შეკავების ეფექტს ვერ მივაღწევთ რუსეთთან. ეს არის დადასტურებული ფაქტი ძალიან ბევრი, ათეული წლის განმავლობაში. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც რაც უფრო მეტს დაუთმობ , მით მეტს მოითხოვს. ეს ეხება როგორც 2 კვადრატულ მიწას, ისე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ზოგადად ქვეყნის სუვერენიტეტს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დაწყებული საგუშაგოებიდან, დამთავრებული სახელმწიფო აპარატის მობილიზებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციების სრულად გამოყენებით, არცერთი პრინციპული, ან ნაკლებ პრინციპული დათმობა არც ოს სეპარატისტებთან და ბუნებრივია, არც რუსეთის მხარესთან არ უნდა მოხდეს. ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება რაიმე დადებითი შედეგის მქონე, თუნდაც გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, საგუშაგოების დადგმა უნდა განხორციელდეს. ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი ხანია უნდა ყოფილიყო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად უნდა მომხდარიყო გარკვეული, ასეთი ტიპის საგუშაგეობის დადგმა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, მათ შორის ნატოს სათვალთვალო , სატელიტური დაკვირვებების საშუალებების პირობებში შედარებით მარტივია გააკონტროლო პერიმეტრი და შემდეგ ეს ინფორმაცია ე.წ. წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის მეშვეობით გადასცე ადგილობრივ საგუშაგოებს . ამას პარალელურად უნდა დაუმატო ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ქმედითობა ,ასევე , ბუნებრივია, ჟენევის ფორმატი, რომელიც ამ ყველაფრის პოლიტიკური ნაწილია და უფრო ქმედითად უნდა იყოს გამოყენებული“- განაცხადა ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმიც კი წაუყენა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები