დავით ზალკალიანმა ოპოზიციის მიერ დასმულ მწვავე შეკითხვებს უპასუხა

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ. მას პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა.
დეპუტატი კვალიფიციური კადრების მიგრაციის საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების უფლების მიცემით სამინისტრო აღნიშნულ პროცესს უწყობს ხელს.
„ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, ჩვენთანაც იგივე ტენდენციაა – შედარებით კვალიფიციური კადრები სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ რჩებიან, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. თქვენ სიამაყით აცხადებთ, რომ კიდევ უფრო ხელს შეუწყობთ აღნიშნულ პროცესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებს აძლევთ. შესაბამისად, ამ ადამიანების მოტივაცია გაიზრდება, რათა დატოვონ ჩვენი ქვეყანა. ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად ხდება, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაზე დაიხარჯება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან განათლება მიღებული ადამიანები სხვა ქვეყნებში გაედინება და გამოდის, რომ სხვა ქვეყნების ეკონომიკას ვაფინანსებთ”, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
​მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად ადგილზე შეიქმნას ისეთი სამუშაო პირობები, რომ ეს ადამიანები საქართველოში დარჩნენ.
ბექა ნაცვლიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გასაძლიერებლად ევროკავშირის მხრიდან ე.წ. „მარშალის გეგმის” ანალოგიური პროგრამის განხორციელების შესაძლებლობებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, ასეთი პროგრამა აღნიშნული ქვეყნებისთვის სოციალური და ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა. დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა და დავით ზალკალიანისგან აღნიშნულ მიმართულებებზე ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაციის საკითხებით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები