კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე იმსჯელეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
​როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში, შედგა მაღალი დონის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კლიმატის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით გეგმები და ინიციატივები წარადგინეს.
ნინო თანდილაშვილი კონფერენციის სხვადასხვა პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ვრცლად ისაუბრა კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად საქართველოს მიერ მომზადებულ ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ინიციატივებზე, რომელთა დაფინანსებაც მოთხოვნილი იქნება კლიმატის მწვანე ფონდიდან. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე და ხაზი გაუსვა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ სამინისტროსა და GIZ-ის მონაწილეობით მომზადებული სატყეო სექტორის პროექტის დაფინანსების მნიშვნელობას. აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდს განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში წარედგინა. პროექტი ითვალისწინებს ფონდიდან დაახლოებით 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას, სატყეო სექტორის რეფორმირების მიზნით.
დამატებით, კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილს შეხვედრები ჰქონდა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებთან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ახალი საპროექტო წინადადება განიხილეს, ხოლო ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან – პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ​კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად დაიგეგმა ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ფონდიდან დაფინანსების წვდომის გამარტივებასა და საქართველოს ჩართულობის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი