ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

0

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge შეუძლიათ.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის, განცხადებით, საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ნედლი ქულები გათანაბრდა, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
„თუ სკალირებული ქულების ყველა უჯრა შევსებულია, ყველაფერი რიგზეა და აბიტურიენტი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. პირველ რიგში აბიტურიენტებმა უნდა შეხედონ გათანაბრებულ და გამსვლელ ქულებს, როგორია მათი მდგომარეობა კონკურსში ამ ეტაპზე”,- განაცხადა გორგოძემ.
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, წელს აბიტურიენტების მხრიდან სააპელაციო კომისიაში 3000-მდე განაცხადი შევიდა და ნაშრომების ხელახალი გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.
ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვისა და გრანტის განაწილებისთვის, რომლის შედეგებიც აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი