მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა” დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა” დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერმა ბათუმელებს კაფე „რვაფეხას” აღდგენა მიულოცა და მისი აღდგენისთვის ფონდ „ქართუს” მადლობა გადაუხადა.

„მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის, „რვაფეხას” აღდგენა. წლების განმავლობაში რვაფეხა იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს”, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა” და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ფოტო გამოფენაც დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო ძველი ბათუმისა და ”რვაფეხას” ფოტოები.
ცნობისთვის, კაფე „რვაფეხას” სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და სამუშაოები ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდა.

მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ხელახლა დამზადდა ფიგურები, მოეწყო მოზაიკა, მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა ფანტანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები. ასევე ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობას პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნდა.

კომენტარები

კომენტარი