„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. სამოქმედო გეგმის თანახმად, ამ ეტაპზე, “არემჯიში” წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება. როგორც “კვირას” კომპანია “არემჯიდან” აცნობეს, ეს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც 2020 წლისთვის სრულად აღმოფხვრის წყლის დაბინძურების კუთხით კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ და პორტუგალიური სამშენებლო კომპანია Elevolution-ის (http://www.elevogroup.com/en/) ტექნიკური და კომერციული მიმართულებების მენეჯერმა, მიგელ გერეირომ მოაწერეს ხელი.
“არემჯის” ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენებული გამწმენდი ნაგებობები „არემჯი კოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე არსებული ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. სამი დიდი გამწმენდი ნაგებობის დეტალური პროექტირება და მათი მშენებლობა 8 თვეს გაგრძელდება. მშენებლობისას გამოყენებული იქნება გარემოსდაცვით სფეროში აღიარებული გერმანული კომპანია Cerafiltec-ის (http://www.cerafiltec.com/) წყლის გამწმენდი ტექნოლოგიები. შედეგად, მდინარეები ფოლადაური, კაზრეთულა და მაშავერა ისტორიული სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან მთლიანად იქნება დაცული.
„დღეს „არემჯი“ ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! სხვადასხვა კომპანიასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ პორტუგალიურ კომპანია Elevolution-ზე, რომელიც მომდევნო 8 თვის განმავლობაში „არემჯი კოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე წყლის გამწმენდ ნაგებობებს ააშენებს. ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი გამარჯვებაა, რაც, ვფიქრობ, უმოკლეს დროში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. პროექტის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ ლარია“, – განაცხადა “არემჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.
ELEVO-ს წარმომადგენელის, გერეირომოს შეფასებით კი აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
​„Elevolution-მა დღეს “არემჯისთან“ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას სამი წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და ის უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ ორ კომპანიას შორის სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ჭრილში. ასევე, მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ პროექტზე ხელმოწერით ჩვენი კომპანია იწყებს სრულფასოვან ოპერირებას ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რაც, ვიმედოვნებთ, იქნება ძალიან წარმატებული სტარტი“, – განაცხადა ELEVO-ს წარმომადგენელმა, მიგელ გერეირომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები