საქართველოს პრემიერმინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა

„მნიშნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა პრემიერმინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის პრემიერს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით, მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
​როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით, გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
​პრემიერმინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.​
​გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები