არასამთავრობოები: მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა

“მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა, რათა, საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე, კანონპროექტი პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფდეს არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას”, – ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“5 და 6 აგვისტოს გაიმართა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. გვსურს, გამოვეხმაუროთ სამუშაო ჯგუფში განხილულ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.წარმოდგენილი ინიციატივებიდან მისასალმებელია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ე. წ. რეგრესული წესით მოხდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებს – სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს, რაც, ამ სახით მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებასა და მედიას უკავშირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე.
სიძულვილის ენის რეგულირება: შემოთავაზებული ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ტექსტს არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტისა და მათ მხარდამჭერების მოწოდება/განცხადება ემატება „სიძულვილის ენა და ქსენოფობია“.
სიძულვილის ენის ამ სახით რეგულირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში დამკვიდრებულ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის განმარტებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს გაუგებრობას ტერმინის შინაარსთან დაკავშირებით, რაც თავის თავში შეიცავს სიძულვილის ენის არასწორი ინტერპრეტაციის რისკს. ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა მაღალი ალბათობით შესაძლოა, გახდეს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორებისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის საშუალება.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბურ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა არა სიძულვილის ენა, არამედ – პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული დისკრედიტაციული და მკვეთრად ნეგატიური კამპანია, მათ შორის – სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, კანდიდატ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მსგავსი ნეგატიური კამპანია მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებული იყო, როგორც „სიძულვილის ენა“. სინამდვილეში, სიძულვილის ენა, რაც გულისხმობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რომელიც კონკრეტული ნიშნიდან გამომდინარე პირთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, გასულ არჩევნებზე შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა და პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი უკვე შეიცავს ამკრძალავ ჩანაწერს ეროვნული შუღლისა და რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებისკენ მოწოდების თაობაზე.
ანტირეკლამის შეზღუდვა: შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლის 25%-ს. მოცემული ცვლილება ასევე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. კანონმდებლობის თანახმად, ანტირეკლამა წარმოადგენს აგიტაციის დაშვებულ ფორმას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია როგორ კამპანიას აწარმოებს ის, როგორ მოახდენს ამომრჩეველთან კომუნიკაციას და რა დოზით მიმართავს ანტირეკლამას. როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ნეგატიური კამპანია პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურითა და ეთიკის სტანდარტებით გამოწვეული. ეს არ შეიძლება, გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი. გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტით ასეთი უხეში ჩარევა ვერ იქნება გამართლებული, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებს ეხება.
გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში შესაძლოა, ბუნდოვანი იყოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ანტირეკლამის გაზომვა, ეს კი მედიაზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას ქმნის, ვინაიდან კანონპროექტი რეკლამის დამკვეთის მხრიდან მოცემული მოთხოვნის დარღვევაზე მედიასაშუალების პასუხისმგებლობასაც ადგენს.
რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება: კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება შეამოწმოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და არ განათავსოს რეკლამა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ითვალისწინებს მაუწყებლისთვის რეკლამის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას. აღნიშნულ რეგულაციას მსუსხავი ეფექტი ექნება მედიაზე საარჩევნო პერიოდში. შემოთავაზებული ცვლილებები ერთი მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედია საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგულაციის ნეგატიურ ხასიათს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელი და გაუმართლებელია მოცემული რეგულაციების მიღება. მათ ექნება უარყოფითი ეფექტი წინასაარჩევნო გარემოზე და გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საქართველოში ამ კუთხით დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის გაუარესებას.
წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსაც. თუმცა, ამ მიმართულებით შემოთავაზებული ცვლილება არსებითად არ ცვლის საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური გავლენას და ვერ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით არსებულ გამოწვევებს. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები არ ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავები და აგიტაციის რეგულაციები.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა, რათა საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე კანონპროექტი პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფდეს არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ჩვენი მხრივ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მონაწილეობა გავაგრძელოთ შემდეგ განხილვებში“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), „ლიბერალური აკადემია თბილისი“ აწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები