საერთაშორისო ვაჭრობა ციფრებში, ვინ რამდენს ყიდის და ყიდულობს – საქართველო და მსოფლიო

მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით ( ifo), გასულ წელს საერთაშორისო ბაზებზე ყველაზე უკეთ გერმანიამ, იაპონიამ და რუსეთმა ივაჭრეს.
გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2018 წელს 249 მილიარდი დოლარი შეადგინა. იაპონიის ექსპორტმა იმპორტს 173 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. 116 მილიარდი დოლარით მეტი პროდუქცია გაყიდა, ვიდრე იყიდა რუსეთმა.
როგორც ifo -ს კვლევაშია მითითებული, გერმანულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავის მხრივ, აშშ-მ გასულ წელს, შეიძლება ითქვას, რომ ანტირეკორდი დაამყარა. ifo -ს მონაცემებით 2018 წელს აშშ-ს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 621 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომის მიუხედავად, ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ამ ქვეყანასთან კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში 120 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა მაშინ, როცა ჩინური პროდუქციის იმპორტმა 487 მილიარდს გადააჭარბა. შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ევროკავშირთანაც. აშშ ევროკავშირში 169 მილიარდი დოლარის პროდუქციას ყიდის. 2018 წელს ევროკავშირიდან განხორციელებულმა იმპორტმა 487 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს საქართველოსაც. თუმცა, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით პატარა მასშტაბებზეა საუბარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მაისში 2 860.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამ მაჩვენებლის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო 7 თვის მიხედვით ისტორიულ მინიმუმზეა.
სპეციალისტების განმარტებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც დსთ-ის, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე – დსთ-ის ქვეყნებში.
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 503.5 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც 20.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
26.6 %-ით არის გაზრდილი ქართული პროდუქციის ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ ამ ქვეყნებში 1 105.8 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (999.6 მლნ. აშშ დოლარი) რუსეთი (790.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (600.6 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს – გასული წლის მსგავსად საქართველოში წარმოებული პროდუქციის ყველაზე დიდ მომხმარებლად კვლავ რუსეთი რჩება. ქართული პროდუქციის ექსპორტმა ამ ქვეყანაში მიმდინარე წელს 304 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რუსეთის დიდი წილი აქვს იმპორტშიც. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ რუსეთიდან 486. 3 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა და ამ მაჩვენებლით რუსეთი მხოლოდ თურქეთს (864. 5 მლნ. აშშ დოლარი) ჩამორჩება.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს 97 ქვეყანასთან დაუფიქსირდა. დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს 38 სავაჭრო პარტნიორთან აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები