მთავრობის წევრები ფერმერებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და თხილის გადარჩენის პროგრამის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე თხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ჯეო-ნათსი“ თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და თხილის გადარჩენის პროგრამის შედეგები შეაჯამეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, სამი წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირება და თხილის მოსავლის გადარჩენა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების შედეგად, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა მეთხილეობის დარგი და მნიშვნელოვნად დაზარალდა რეგიონის მოსახლეობა.
„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, სამინისტრომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა კომპლექსური ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს გადავეცით შესაწამლი აპარატები, დავაფინანსეთ მათი გადამზადება და ტრენინგები. 60 სპეციალისტი, მუდმივ რეჟიმში მუშაობდა ფერმერებთან და შედეგად, მივიღეთ ბოლო წლებში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი თხილის კულტურაში“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა. აშშ-ის მთავრობა დაეხმარა საქართველოს აზიურ ფაროსანასა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებასა და თხილის მოსავლის გადარჩენაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მავნებლებთან ბრძოლის მიზნით, USAID-მა 6.5 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამ დახმარების ნაწილი იყო ამერიკული წარმოების 45 ავტომანქანა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მეთხილე ფერმერებთან შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი და საკანონმდებლო ორგანოების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა სტუმრებთან ერთად თხილის გადამმუშავებელი საწარმო „ჯეო-ნათსი“ დაათვალიერა.
საწარმო „ჯეო-ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია ჯამურად, 2 780 000 ლარამდეა, მათ შორის 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 214 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს, წლის განმავლობაში 7000-10000 ტონამდე თხილის გადამუშავება და სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოება შეუძლია. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები