გიორგი ცუცქირიძე: ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბურობით

„ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის შესაბამისად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციასა და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
მისი თქმით, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი, ერთი მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთანავე, აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამ ოპერაციის მასშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მარტო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი – კომპანიების ფაქტობრივი მმართველი. ნიშანდობლივია თავად ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მასშტაბიც. უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს და ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადებისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.
ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ამ სახის მასშტაბური დანაშაულის გამოვლენას ეხება, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი, ერთი მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთანავე, აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენად არიან ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემებში ჩართულნი საჯარო მოხელეები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის კორუფციის ინდექსზე, მისი შემცირების მიმართულებით“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტის აზრით, ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში უმჯობესდებოდა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ხოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, ხოლო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 58 ქულით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული, რასაც თუნდაც ამ ანტიკორუფციული ღონისძიების მასშტაბიც ადასტურებს.
„ჩრდილოვანი ეკონომიკის მეტასტაზების შემცირებას, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ გამოვლენას ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კორუფციის ინდექსიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები