ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილი და მისი მთავრობა აგვისტოს ომამდე ბოლომდე ცდილობდნენ, რუსეთი აგრესორად არ წარმოეჩინათ

“სააკაშვილის მთავრობა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე, სიტუაციის გამწვავების მიზნით, დასავლეთის დავალებით, აგრესორად არ წარმოაჩენდა”, – ასე შეაფასა “იმედის” გუშინდელ ეთერში გია ბარამიძის საუბარი ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.
“გუშინ „იმედის” ეთერში გია ბარამიძემ „ნაცმოძრაობის“ დიდი ლუსტრაცია მოახდინა. გამოვიდა, რომ პრინციპით პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, სააკაშვილი და მისი მთავრობა აგვისტოს ომამდე ბოლომდე ცდილობდნენ რუსეთისათვის სახის შენარჩუნებას, მას აგრესორად არ წარმოაჩენდნენ და თურმე ამას დასავლეთის დავალებით აკეთებდნენ, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინათ. მახსოვს, საქართველოში ერთი პერიოდის მანძილზე ხორცი რომ გაძვირდა, ევროინტეგრაციის მაშინდელმა მინისტრმა, გია ბარამიძემ ეს მყისვე ევროკავშირს გადააბრალა – მათი რეგულაციების გამო მოხდაო”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.ექსპერტი წინა ხელისუფლების მმართველობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ ტერიტორიების ოკუპირება რუსეთისთვის ნიღბის ჩამოგლეჯვის სანაცვლოდ ნორმალურ ამბად მიაჩნიათ.
“გამოდის, რომ „ნაცებისთვის“ დასაშვები და შესაძლებელი ყოფილა დიდი პოლიტიკის გამო რუსეთისათვის დაყვავება-დაშოშმინება, სხვებისთვის კი აკრძალული. თავიანთი პოლიტიკით ქვეყნის 22%-ით შემცირებული ტერიტორია დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, სამაგიეროდ – რუსეთს ხომ ჩამოვხსენით ნიღაბიო; გუშინაც იმავეს იმეორებდა ბარამიძე და სანამ იბოგინებენ, სულ ეს „არგუმენტი“ ექნებათ”, – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, გუშინდელ ტელედებატებზე მმართველი პარტიის წევრებს შეეძლოთ, უფრო დამაჯერებელნი ყოფილიყვნენ აუდიტორიასთან, რადგან წინა ხელისუფლების პირებთან აკადემიური ტონითა და საბუთებით ლაპარაკი არაპროდუქტიულია.
“საკუთარი დანაშაულის თუ შეცდომების სხვაზე გადაბრალება „ნაცების“ ხელწერაა და სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ამას იჯერებს და მათ მიჰყვება, რითაც, ნებით თუ უნებლიეთ, თანამონაწილე ხდება ამ ყველაფრის.
გუშინდელ ტელედებატებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებს შეეძლოთ, უფრო ეფექტურად და დამაჯერებლად წარმოჩენილიყვნენ აუდიტორიასთან. როდესაც ოპონენტად გყავს ბარამიძე და მისნაირები, იქ კონტრპროდუქტიულია დოკუმენტების ფრიალი და აკადემიური ტონით საუბარი. აუდიტორიას ეს ნაკლებად აინტერესებს და ვერც გაიგებს, მით უმეტეს – შეზღუდულ საეთერო დროში.
მგლებს მგლების ენაზე უნდა ესაუბრო”, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები